„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ინიცირებული კანონპროექტი ანტიდემოკრატიულია, ანტიკონსტიტუციურია, ზღუდავს ადამიანის უფლებებს, დისკრიმინაციულია საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის მიმართ, - ამის შესახებ განცხადებას „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულ პლატფორმაში“ გაერთიანებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ავრცელებენ.
ორგანიზაციების შეფასებით, მსგავსი კანონპროექტის განხილვაც კი საქართველოს ევროპულ პერსპექტივას დააზიანებს.
მათივე განმარტებით, კანონპროექტი თავისი შინაარსით საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ და ქვეყნის მარგინალიზაციისკენ არის მიმართული.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულ პლატფორმაში გაერთიანებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები გამოვხატავთ პროტესტს უმრავლესობაში შემავალი რამდენიმე დეპუტატის მიერ მომზადებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის პროექტის პარლამენტში წარდგენის გამო.
მიგვაჩნია, რომ ინიცირებული კანონპროექტი ანტიდემოკრატიულია, ანტიკონსტიტუციურია, ზღუდავს ადამიანის უფლებებს, დისკრიმინაციულია საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის მიმართ. კანონპროექტი სრულად ეწინააღმდეგება ევროპული კანონმდებლობის პრინციპებსა და სულისკვეთებას და სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნის კონსტიტუციაში დაფიქსირებული ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანს. ასევე ის სერიოზულ ბარიერს შეუქმნის ქვეყანაში ფინანსური რესურსების შემოდინებას და ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ განვითარებას, არღვევს თანაბარი კონკურენციის პრინციპებს. შეუძლებელს გახდის ევროკავშირის მიერ 12-პუნქტიანი გეგმის მე-10 "სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა დონეზე" და მე-7 "განახორციელოს უფრო ძლიერი ძალისხმევა თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედია გარემოს უზრუნველსაყოფად" პუნქტების შესრულებას. ვფიქრობთ, რომ მსგავსი კანონპროექტის განხილვა, არამც თუ მისი მიღება, დააზიანებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და მისი შინაარსით მიმართულია საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ და ქვეყნის მარგინალიზაციისაკენ“, - ნათქვამია "აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის" განცხადებაში, რომლის წევრიც 210 არასამთავრობო ორგანიზაციაა.
ცნობისთვის, „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“ უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, სადაც ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.
შეგახსენებთ იმასაც, რომ აშშ- ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების შესახებ კანონპროექტმა, რომელიც „უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის“ შექმნას გულისხმობს, შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ამასთან, ნედ პრაისის თქმით, ის არ ეფუძნება ამერიკულ კანონმდებლობას და უფრო რუსეთის და უნგრეთის კანონმდებლობის ანალოგიურია.